06 Oct 2025

გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც სასაწყობე სტელაჟების აწყობისას უშვებენ

სასაწყობე თაროების სტელაჟების შეცდომები

სასაწყობე თაროები რთულად მონტაჟდება, რადგან ეს პროცესი ტექნიკურ სიზუსტესა და პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს. არასწორად შესრულებული ტექნიკური სამუშაო მატერიალურ ზარალს გამოიწვევს და საწყობში დასაქმებულების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოში მომუშავე საწყობების დიდ ნაწილში თაროების მონტაჟისას დაშვებული ხარვეზები რამდენიმე განმეორებად შეცდომასთანაა დაკავშირებული. ამ ბლოგში 7 ასეთ შეცდომას განვიხილავთ და მათი თავიდან აცილების გზებსაც გაგიზიარებთ.   

არასაიმედოდ დამაგრებული კონსტრუქცია

თაროების სვეტების იატაკთან მიმაგრება მთელი კონსტრუქციის მდგრადობას განაპირობებს. თუმცა, პრაქტიკაში, დროის დაზოგვის მიზნით ხშირად ამ ეტაპს გამარტივებულად უდგებიან და სეტების მხოლოდ ნაწილს ამაგრებენ — ზოგიერთი წინა რიგებს აფიქსირებს, სხვები კი საერთოდ არ იყენებენ ჭანჭიკებს იმ იმედით, რომ პროდუქციის წონა კონსტრუქციას თავისით გაამყარებს.   

დაუმაგრებელი თარო, მცირე ბიძგის შემთხვევაშიც კი, რყევას იწყებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა სრულად ჩამოიშალოს. ამერიკული RMI სტანდარტი ცალსახად ითხოვს, რომ თითოეული სვეტი შესაბამისი სიღრმით იატაკის საფარზე სრულად დამაგრდეს. 

პრობლემას ქმნის არათანაბარი იატაკიც. თუ საპალეტე თაროები უსწორმასწორო ზედაპირზე სპეციალური გასასწორებელი ფირფიტების გარეშე მაგრდება, დატვირთვა მხოლოდ რამდენიმე ჭანჭიკზე ნაწილდება და კონსტრუქციის სიმტკიცე მცირდება. 

საპალეტე თაროების ტვირთამწეობის არასწორი შეფასება

მონტაჟთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, ყველაზე ხშირი შეცდომა დატვირთვის არასწორი დაანგარიშებაა. საპალეტე თაროების ტვირთამწეობა კონფიგურაციის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, რაც უფრო დიდია მანძილი დონეებს შორის, მით უფრო ნაკლებია კონსტრუქციის სიმტკიცე.  

კიდევ უფრო საშიში შეცდომაა თანაბრად განაწილებული და წერტილოვანი დატვირთვის ერთმანეთში არევა. მწარმოებლები თაროების ტვირთამწეობას ყოველთვის თანაბარი დატვირთვისთვის ითვლიან. პალეტები კი, თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე, წერტილოვან დატვირთვას ქმნის, რაც თაროს კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწოლას ზრდის, რაც დროთა განმავლობაში კონსტრუქციის დეფორმირებას და მწყობრიდან გამოსვლას იწვევს.  

ფიქსატორების არასათანადო მონტაჟი

ზოგჯერ, დიდი შეცდომების ფონზე, ტექნიკოსები უგულებელყოფენ პატარა, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალებს. თაროს ჰორიზონტალური ელემენტები (კოჭები) სვეტებთან სპეციალური ფიქსატორებით მაგრდება. ეს ლითონის პატარა დეტალები, დამტვირთველის მიერ პალეტის აწევისას, თაროს კოჭის ამოვარდნისგან იცავს.  

ტექნიკოსებს ავიწყდებათ ამ ფიქსატორების დაყენება, განსაკუთრებით უკანა რიგებში, სადაც რთულად მისადგომი მონაკვეთები იქმნება. ფიქსატორის გარეშე დარჩენილი სასაწყობე თარო პალეტის აღებისას ზემოთ აიწევა, შესაძლოა, ის შეერთების ადგილიდან სრულად ამოვარდეს და მძიმე ტვირთის უკონტროლო ვარდნა გამოიწვიოს. 

საპალეტე თაროების კონსტრუქციის არასწორი გამაგრება

კონსტრუქციის საერთო სიმტკიცესა და მდგრადობას ჰორიზონტალური და დიაგონალური გამაგრებები განსაზღვრავს. ეს ელემენტები წინა და უკანა სვეტებს ერთმანეთთან აკავშირებს და კონსტრუქციას გადახრისგან იცავს.  

გამაგრებების გარეშე ან მათი დაზიანების შემთხვევაში, სვეტები ვერ უმკლავდება დატვირთვას, რყევას იწყებს და გვერდულად დეფორმირდება. ერთი დაზიანებული გამაგრებაც კი საკმარისია, რომ სექციამ სტაბილურობა დაკარგოს და დომინოს პრინციპით მთელი რიგი ჩამოინგრეს.  

კლიმატური ფაქტორებისა და კოროზიის უგულებელყოფა

საქართველოს კლიმატური პირობები, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში არსებული მაღალი ტენიანობა, დამატებით რისკებს ქმნის. ტემპერატურის ცვლილებისას ლითონის კონსტრუქციებზე კონდენსატი წარმოიქმნება. თუ მონტაჟისას თაროს დამცავი საფარი დაზიანდა, კოროზიის პროცესი აქტიურდება და შეერთების ადგილები განსაკუთრებული სიჩქარით ზიანდება. დროთა განმავლობაში ჟანგისგან ლითონი ზიანდება და კონსტრუქცია სუსტდება.  

სასაწყობე სტელაჟების რეგულარულად არ მოწმდება 

კოროზიისა და სხვა დაზიანებების პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, როდესაც საწყობში არ არის დანერგილი ინსპექტირების სისტემა. ევროპული EN 15635 სტანდარტი მოითხოვს სპეციალური პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, რომელიც რეგულარულ შემოწმებას ჩაატარებს. საწყობების უმეტესობაში ეს პოზიცია საერთოდ არ არსებობს, რის შედეგადაც უსაფრთხოება არავის პირად პასუხისმგებლობად არ ითვლება.  

სტანდარტის თანახმად, აუცილებელია ყოველკვირეული ვიზუალური შემოწმება და წლიური სრული ტექნიკური ინსპექტირება. რეალობაში შემოწმება მხოლოდ ავარიის ან სერიოზული ინციდენტის შემდეგ ხდება. 

ამას ემატება ისიც, რომ, როგორც წესი, თაროებზე არ არის მითითებული დასაშვები დატვირთვის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც ოპერატორები ინტუიციით მოქმედებენ და ხშირად თაროებს რეკომენდებულზე მეტი სიმძიმით ტვირთავენ.  

არაპროფესიონალური მონტაჟი, როგორც ყველა პრობლემის სათავე 

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა ძირითადად არაპროფესიონალი გუნდის დაქირავებითაა გამოწვეული. სპეციალიზებული ჯგუფის ნაცვლად ზოგადი პროფილის ტექნიკოსების შერჩევა, ნამდვილად, უფრო ეკონომიურია, თუმცა დაშვებული შეცდომებით გამოწვეულ ზარალს თუ გავითვალისწინებთ, გარისკვად არ ღირს. 

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ის გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც სხვები უშვებენ?

ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პროცესს თავიდანვე პროფესიონალურად და ყურადღებით მიუდგეთ:

 

  • პროექტის დაწყებამდე აუცილებელია ყველა დეტალი ზედმიწევნით განისაზღვროს და იატაკი ტექნიკურად შემოწმდეს;

  • თაროების ტიპი უნდა შეირჩეს საწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით;

  • უსწორმასწორო ზედაპირზე თაროების მონტაჟისას აუცილებელია სპეციალური გასასწორებელი ფირფიტების გამოყენება;

  • თაროს ჰორიზონტალური კოჭები სვეტებთან აუცილებლად უნდა დამაგრდეს სპეციალური დამცავი ფიქსატორებით;

  • თაროებზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მაქსიმალური დასაშვები დატვირთვის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული გადატვირთვა;

  • ყოველი სამონტაჟო ეტაპის დასრულების შემდეგ, შეამოწმეთ კონსტრუქცია, გამოავლინეთ ხარვეზები და დაუყოვნებლივ გამოასწორეთ ისინი;

  • ტექნიკური მოთხოვნების დასაცავად, მონტაჟი უნდა შეასრულოს სპეციალიზებულმა და გამოცდილმა გუნდმა.

 

საქართველოში ამ მიმართულებით 8 წელზე მეტია ოპერირებს ინტრალოგისტიკური კომპანია K2, რომლის სპეციალისტები საერთაშორისო სტანდარტებს იცავენ. კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ევროპული ბრენდების პროდუქციას, მათ შორის იტალიური ROSSS-ის საპალეტე თაროებს, რომლებსაც 35-წლიანი გარანტია აქვს.

 

თაროების მიწოდების გარდა, K2-ის სერვისი მოიცავს საწყობის სრულყოფილ დაგეგმარებას. კომპანიის გამოცდილი გუნდი დეტალურად შეისწავლის საწყობს, გააანალიზებს არსებულ მდგომარეობას და სივრცის ოპტიმიზაციის გეგმას შეადგენს. კომპანიის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ, რაც ტექნიკური შეფერხებების დროულ აღმოფხვრას გულისხმობს.

 

K2-ის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორი დაგეგმვა, ხარისხიანი პროდუქცია და პროფესიონალური მონტაჟი ქმნის საიმედო სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ეფექტიანად ემსახურება ბიზნესს. ინვესტიცია ხარისხში ყოველთვის გამართლებულია, რადგან უსაფრთხო და ოპტიმიზებული საწყობი ბიზნესის განვითარების საფუძველია.