03 Dec 2025

როგორ დანერგა K2-მა Daily-ს რეგიონულ ცენტრში ეფექტური ინტრალოგისტიკური სისტემა

საპალეტე თაროები

საქართველოს ბაზარზე ინტრალოგისტიკური სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვისას, კომპანია K2 ყოველთვის გამორჩეულ პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სუპერმარკეტების ქსელ Daily-სთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის, უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი აშენდა და სრულად აღიჭურვა.

Daily-ს სჭირდებოდა სასაწყობე სივრცე, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურებოდა. ახალ საწყობს უნდა შეესრულებინა უმთავრესი ამოცანა და ქსელის მაღაზიების  დაახლოებით 90% მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში უნდა მოემარაგებინა. ასეთი მასშტაბისა და სიჩქარის მისაღწევად არა მხოლოდ დიდი სივრცე, არამედ მისი მილიმეტრებში გათვლილი, ეფექტური დაგეგმარება და გამართული ტექნოლოგიური პროცესები იყო საჭირო. ამ გამოწვევის გადასაჭრელად Daily-მ პარტნიორად K2-ის გამოცდილი გუნდი შეარჩია.

K2-ის გუნდმა საწყობში დაამონტაჟა იტალიური ბრენდის ROSSS-ის 8.7 მეტრიანი საპალეტე თაროები. ასეთი სიმაღლის კონსტრუქციების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ვერტიკალური სივრცის ათვისება და ჯამში 5280 საპალეტე ადგილის შექმნა. ინტენსიური ოპერაციების პირობებში, სადაც ტექნიკა მუდმივად მოძრაობს, ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკი მაღალია. ამის თავიდან ასაცილებლად, თაროებისა და  სხვა კრიტიკული ზონების ირგვლივ დამონტაჟდა MPM-ის PVC დამცავები, რომლებიც შთანთქავს ტექნიკის შეჯახებისას გამოთავისუფლებულ ძალას და დაზიანებისგან იცავს როგორც თაროებს, ისე თავად ტექნიკას. თაროებისა და დამცავების სრული ინსტალაციის პროცესი 6 კვირას გაგრძელდა.

შემდეგი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საწყობის ტექნიკით აღჭურვა იყო. ვინაიდან Daily-ს ცენტრი რამდენიმე სამუშაო ცვლაზე მუშაობს, პროცესების უწყვეტობა და სისწრაფე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. K2-მა საწყობი ტოიოტას 11 ლითიუმ-იონის ელემენტზე მომუშავე ორდერ პიკერით აღჭურვა, რამაც შეკვეთების შეგროვების პროცესი 2.5-ჯერ დააჩქარა.

ორდერ პიკერების გარდა, საწყობში ოპერირებს ტოიოტას კიდევ 19 ერთეული ტექნიკა, მათ შორის რიჩ დამტვირთველები, რომლებიც 8.7 მეტრის სიმაღლეზე მუშაობს, ელექტრო ხელის ურიკები და ტრადიციული დამტვირთველები.

ამასთანავე, K2-ის მიერ მიწოდებული ტექნიკა და ინფრასტრუქტურა სრულად ინტეგრირდა Daily-ს საწყობის მართვის სისტემასთან (WMS). თანამშრომლები სპეციალური პანელებისა და QR კოდების მეშვეობით იღებენ დავალებებს, რაც ამარტივებს და აჩქარებს ტვირთების შეგროვებას. ტრანსპორტირებისას პროდუქციის უსაფრთხოებისთვის, გამოიყენება Robopac-ის შესაფუთ დანადგარები, რაც პალეტების სიმყარესა და დანიშნულების ადგილამდე ტვირთის დაუზიანებლად მიტანას ემსახურება.

შედეგად, K2-ის ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით, Daily-ს ლოგისტიკურმა ცენტრმა შეძლო ოპერაციების სრული დატვირთვით ამუშავება. შეკვეთების დაჩქარებული შეგროვება, პალეტების დაზიანების გარეშე ტრანსპორტირება და 5000-ზე მეტი საპალეტე ადგილის ეფექტიანი მართვა Daily-ს საშუალებას აძლევს, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მიმწოდებელი იყოს.