„ლიბო გრუპი“ სადისტრიბუციო სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. ის საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ წამყვან სავაჭრო ობიექტებს საერთაშორისო ბრენდების სამომხმარებლო და ჰიგიენური პროდუქციით ამარაგებს. ასეთი მასშტაბის ბიზნესში ლოგისტიკური პროცესების სიზუსტე და სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
K2-თან „ლიბო გრუპს“ მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა თავდაპირველად შესაფუთი დანადგარებისა და ცელოფნის (სტრეჩის) მიწოდებით დაიწყო. სწორედ ამ ხანგრძლივ, სტაბილურ პარტნიორობას დაეფუძნა „ლიბო გრუპის“ გადაწყვეტილება, როდესაც დღის წესრიგში ახალი, N2 საწყობის მოწყობის კომპლექსური ამოცანა დადგა. კომპანიას სჭირდებოდა არა უბრალოდ ცარიელი ფართის აღჭურვა, არამედ სივრცის სრული დაგეგმარება და ოპტიმიზაცია, რაც ჩვენი, როგორც ინტრალოგისტიკური კომპანიის, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
K2-ის გუნდმა პროექტი ჩაიბარა და შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მაგალითად, ახალი საწყობისთვის, სპეციფიკიდან გამომდინარე, იტალიური ბრენდის, ROSSS-ის მაღალი ხარისხის საპალეტე თაროების სისტემა შეირჩა. ეს არჩევანი კონსტრუქციის საიმედოობით იყო ნაკარნახევი.
სივრცის ვერტიკალური რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად, 8.8 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციები დამონტაჟდა. ამგვარმა დაგეგმარებამ „ლიბო გრუპს“ 4425 საპალეტე ადგილის მიღების საშუალება მისცა.
ინტენსიური სადისტრიბუციო საქმიანობისთვის აუცილებელია დატვირთვა-ჩამოტვირთვის პროცესების შეუფერხებელი მუშაობა. ამ მიზნით, K2-მა საწყობის შესასვლელ ზონებში გერმანული Hörmann-ის დოკ ლეველერები და სექციური კარები დაამონტაჟა.
ამ კომპონენტებმა სატვირთო მანქანასა და საწყობის პლატფორმას შორის იდეალური კავშირი შექმნა, რამაც სამუშაო პროცესი დააჩქარა და შეფერხებები შეამცირა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ასპექტებს. ინტენსიური შიდა ლოგისტიკის პირობებში, სადაც მუდმივად მოძრაობს ტექნიკა და პერსონალი, ინფრასტრუქტურის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. K2-მა თაროების, საფეხმავლო ბილიკებისა და ტექნიკის სამოძრაო არეალების პერიმეტრზე MPM-ის სპეციალური დამცავი ბარიერები განათავსა. ეს იტალიური დამცავები შესაძლო დაზიანებებისგან იცავს როგორც ძვირადღირებულ თაროებსა და აღჭურვილობას, ასევე თავად თანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ K2, დაგეგმვისა და მასალებით უზრუნველყოფის გარდა, სამონტაჟო სამუშაოებსაც ხელმძღვანელობდა. თაროების, ვენტილაციისა და სხვა ინდუსტრიული აპარატურის მონტაჟის რთულ პროცესში K2-ის გუნდი აქტიურად იყენებდა 5 ერთეულ Haulotte-ს 14 მეტრიან მაკრატელა ამწეს. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ კომპანიას გააჩნია საჭირო ტექნიკური ბაზა ნებისმიერი სირთულის პროექტის ზუსტად და უსაფრთხოდ შესასრულებლად.
ამ თანამშრომლობის შედეგად, „ლიბო გრუპმა“ მიიღო სრულად ოპტიმიზებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწყობი. ამ გამოცდილებით კი K2-მა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის საიმედო პარტნიორია, რომელსაც შეუძლია ბიზნესის სპეციფიკური მოთხოვნების გაანალიზება და მათზე მორგებული, კომპლექსური ინტრალოგისტიკური სისტემების შექმნა.