12 Nov 2025

Pharma Solutions-ისა და K2-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველი GMP სტანდარტების შესაბამისი საწყობი შეიქმნა

ფარმაცევტული სფერო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი დარგია, სადაც საქმიანობა მაღალი სტანდარტების უპირობო დაცვასა და ყველა დეტალისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. Pharma Solutions-ს მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოში პირველი საწყობის მოწყობა, რომელიც GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტის მკაცრ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა. ეს თავისთავად ამბიციური ამოცანა იყო, რომელიც საწყობის დაგეგმარებისას სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებდა.

პროექტის განხორციელებისას მთავარ სირთულეს ხელმისაწვდომი ფართი ქმნიდა. გამოყოფილი იყო 900 კვ.მ, რაც, ფარმაცევტული სპეციფიკისა და საჭირო ტევადობის გათვალისწინებით, საკმაოდ შეზღუდული სივრცეა. ამ მიმართულებით K2-ის, როგორც ქვეყანაში წამყვანი ლოგისტიკური კომპანიის, ამოცანა იყო, საწყობში საპალეტე ადგილების მაქსიმალური რაოდენობა შეექმნა.

ასეთ პირობებში ცხადი იყო, რომ სასაწყობე სივრცის მოწყობის სტანდარტული მიდგომები, რომლებიც ფართის ჰორიზონტალურ გაშლას ეფუძნება, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა. ამ გზით უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა საკმარისი რაოდენობის პალეტის განთავსება. საჭირო გახდა ისეთი ინტრალოგისტიკური პროექტის მომზადება, რომელიც არსებული ფართის ყოველ სანტიმეტრს აითვისებდა და ტევადობას მაქსიმალურად გაზრდიდა.

ამ ამოცანის გადასაჭრელად, ჩვენმა გუნდმა, საწყობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავა პროექტი და უპირატესობა სივრცის ვერტიკალურ ათვისებას მიანიჭა.

 

 

ამ სტრატეგიის განსახორციელებლად, საწყობში დამონტაჟდა Rosss-ის ბრენდის 11.5 მეტრი სიმაღლის საპალეტე თაროების სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია ვიწრო გასასვლელებში მუშაობისთვის. VNA სისტემა თაროებს შორის მინიმალური, მკაცრად გათვლილი მანძილის დატოვების საშუალებას იძლევა.

ცხადია, 11.5 მეტრის სიმაღლის თაროების სისტემა და უკიდურესად ვიწრო დერეფნები შესაბამის, სპეციალიზებულ ტექნიკას მოითხოვს. ასეთ პირობებში ოპერირება სტანდარტული დამტვირთველებით შეუძლებელია.

K2-მა Pharma Solutions-ის საწყობი Toyota-ს ვიწრო გასასვლელის დამტვირთველით აღჭურვა. ეს ტექნიკა შექმნილია სწორედ VNA სისტემებში სამუშაოდ — მას შეუძლია უსაფრთხოდ და ზუსტად იმოძრაოს ვიწრო დერეფნებში და ტვირთი დიდ სიმაღლეზე განათავსოს. ამასთან ერთად, ყოველდღიური ლოგისტიკური პროცესების სრულყოფილად და გამართულად წარმართვისთვის, საწყობი Toyota-ს სხვა ტექნიკითაც მომარაგდა, მათ შორის, შეკვეთების ამკრეფით (ორდერ პიკერით), სტაკერითა და ხელის ურიკებით. შეიქმნა ერთიანი სისტემა, სადაც თაროები და ტექნიკა სრულად შეესაბამება ერთმანეთს.

 

 

K2-ის მიერ დაგეგმილი პროექტისა და სწორად შერჩეული ტექნოლოგიური აღჭურვილობის წყალობით, Pharma Solutions-მა შეზღუდული ფართის პირობებში მართლაც გამორჩეულ შედეგს მიაღწია: 900 კვ.მ-ზე 840 სრულფასოვანი საპალეტე ადგილი მოეწყო.

ეს ციფრები ნიშნავს, რომ საწყობის ფართის თითქმის ყოველი კვადრატული მეტრი სრულად არის ათვისებული. ასეთი მაღალი სიმჭიდროვე მიღწეულ იქნა არა ცალკეული კომპონენტების, არამედ მთლიანი სისტემის, 11.5 მეტრიანი VNA თაროების, ვიწრო დერეფნებისა და სპეციალიზებული Toyota-ს ტექნიკის, ერთობლიობით.

 

 

Pharma Solutions-ისა და K2-ის თანამშრომლობა კარგად აჩვენებს, რომ თანამედროვე ინტრალოგისტიკური მიდგომებითა და სწორი საინჟინრო დაგეგმარებით სავსებით შესაძლებელია, გადაიჭრას სივრცის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ურთულესი ამოცანები. როგორც ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, მცირე ფართის მქონე საწყობშიც კია შესაძლებელი ტევადობის მრავალჯერ გაზრდა და, ამავდროულად, GMP სტანდარტის შესაბამისი, უმაღლესი დონის გარემოს შექმნა.