K2 საწყობებსა და საწარმოებს თანამედროვე ინტრალოგისტიკური სისტემების დანერგვაში ეხმარება . კომპანიას ინდუსტრიული ტექნიკის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ეს გახდა ჩვენი და ნიკორას თანამშრომლობის საფუძველი, როდესაც რითეილ სექტორის ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა წარმომადგენელმა ახალი საწყობის მოწყობა გადაწყვიტა.
ნიკორას საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიისთვის გამართული და უწყვეტი ლოჯისტიკური პროცესები მუდმივად მნიშვნელოვანია. არსებული საჭიროებებისთვის, კომპანიამ 6600 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი საწყობის აშენება დაიწყო.
K2-ის გუნდმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის დაგეგმვა და შიდა სივრცის მოწყობა. მთავარ ამოცანად სივრცის სრულად ათვისება და საწყობის მუშაობის გაუმჯობესება დავისახეთ. ამასთან, ნიკორას დამატებითი საოპერაციო სირთულეც ჰქონდა: საწყობიდან გატანილი ტვირთი ხშირად ზიანდებოდა რეგიონულ მაღაზიებამდე ტრანსპორტირებისას.
დასახული ამოცანების შესასრულებლად, პროექტს ინდივიდუალურად მივუდექით და ნიკორას საწყობისათვის სწორი ტექნიკა შევარჩიეთ.
პირველ რიგში, საწყობში ROSSS-ის 11 მეტრიანი თაროების სისტემა დამონტაჟდა, რითაც 7000-მდე საპალეტე ადგილი შეიქმნა. ინტენსიური სამუშაო პროცესის გათვალისწინებით, პერსონალისა და ტექნიკის დასაცავად სივრცეში MPM-ის სპეციალური დამცავები დამონტაჟდა.
პროდუქციის დაზიანების პრობლემა Robopac-ის შესაფუთი დანადგარის მეშვეობით გადაიჭრა. ეს აპარატი პალეტებს მტკიცედ ფუთავს და ტვირთს დაზიანებისგან იცავს. ყოველდღიური სამუშაოებისთვის საწყობს K2-მა Toyota-ს 29 დამტვირთველი, სივრცის სისუფთავისთვის კი Hako-ს მოსარეცხი და მოსახვეტი აპარატები მივაწოდეთ.
ტექნიკის გარდა, თანამშრომლობა უწყვეტ საოპერაციო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. Toyota-ს 29-ვე დამტვირთველს, ოფიციალურ გარანტიასთან ერთად, პრევენციული სერვისის მომსახურებაც აქვს. ამ პროგრამის ფარგლებში, K2-ის სერტიფიცირებული ტექნიკოსები ყოველთვიურად სტუმრობენ საწყობს, დეტალურად ამოწმებენ თითოეულ მანქანას და შესაბამის ანგარიშს ადგენენ.

ასეთმა კომპლექსურმა მიდგომამ, რომელიც დაგეგმვასა და შემდგომ მომსახურებასაც მოიცავდა, ნიკორას გაზომვადი შედეგები მისცა.
Robopac-ის შესაფუთმა აპარატმა, ტვირთის დაცვასთან ერთად, ფინანსური დანაზოგიც მოიტანა. ხელით შეფუთვასთან შედარებით, მანქანური წესით შეფუთვამ თითოეულ პალეტზე დანახარჯი 30%-ით შეამცირა.
პრევენციული სერვისის დახმარებით, ნიკორა დროულად გეგმავს საჭირო სამუშაოებს. პროცესის ასეთი პროგნოზირებადი მართვით კომპანიისათვის სერვისის დანახარჯები 30%-ით მცირდება.
ეს კი ნიშნავს, რომ ნიკორამ თავიდან აირიდა ტექნიკის გაჩერებით გამოწვეული შეფერხებები და დანაკარგები. K2-თან თანამშრომლობამ კომპანიას მისცა არა მხოლოდ თანამედროვე საწყობი, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სტაბილური და პროგნოზირებადი ლოჯისტიკური პროცესი.