04 Nov 2025

პირველად საქართველოში — როგორ დაინერგა წყალი მთის საწყობში ნახევრად ავტომატიზებული სისტემა

პირველად საქართველოში — როგორ დაინერგა წყალი მთის საწყობში ნახევრად ავტომატიზებული სისტემა

წყალი მთის საწარმოსთვის, წარმოების ზრდა სასიხარულო მოვლენასთან ერთად, სერიოზული ლოგისტიკური გამოწვევა აღმოჩნდა. არსებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა, რომელიც შედარებით უფრო მცირე მოცულობებზე იყო გათვლილი, ახალ, გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა. 

ყოველდღიურად იზრდებოდა წნეხი სასაწყობე პროცესებზე, რაც აფერხებდა ოპერაციების სისწრაფეს და ქმნიდა სივრცის მწვავე დეფიციტს. ამის გამო, კომპანიას სჭირდებოდა ახალი და სწრაფი სისტემა, რომელიც  არსებულ სივრცეს მაქსიმალურად ათვისებდა.

ამ გამოწვევების გადასაჭრელად მათ პარტნიორად K2 შეარჩიეს. ჩვენმა გუნდმა, სიტუაციის დეტალური ანალიზის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებს არასტანდარტული და ინოვაციური პროექტი შესთავაზა. ნახევრად-ავტომატური სასაწყობე სისტემა იმით გამოირჩეოდა, რომ ის პირველი იყო საქართველოში, რაც პროექტს ჩვენთვის დამატებით მნიშვნელობას სძენდა.

შატლის თაროები

 

გეგმის შემუშავების შემდეგ, პროექტი ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა და 6 კვირა გაგრძელდა. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, პროცესში K2-ის 6 მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული ტექნიკოსი იყო ჩართული. თაროების უსაფრთხო და ზუსტი მონტაჟისთვის, ჩვენივე გუნდი Haulotte-ს თანამედროვე მაკრატელა ამწეებს იყენებდა.

პროექტის ფარგლებში, საწყობი სრულად აღიჭურვა წამყვანი ევროპული ბრენდების ტექნიკით. დამონტაჟდა იტალიური ROSSS-ის შატლის თაროები, რომლებიც ცნობილია თავისი გამძლეობითა და სიმჭიდროვით. საწყობის უსაფრთხოებისთვის გამოყენებული იქნა კვლავ იტალიური MPM-ის დამცავები და Automha-ს შატლის სისტემები.

 

ნახევრად ავტომატური საწყობი

 

დანერგილი ნახევრად-ავტომატური სისტემის მთავარი კომპონენტია ავტომატური შატლი. ტრადიციული საწყობისგან განსხვავებით, სადაც დამტვირთველს პალეტის ასაღებად თაროებს შორის ვიწრო დერეფნებში უწევს მოძრაობა, აქ პროცესი სხვაგვარად იმართება.

დამტვირთველის ოპერატორს ტვირთი მიაქვს მხოლოდ თაროს დასაწყისამდე და ათავსებს მას ავტომატურ შატლზე. შემდგომ, შატლი დამოუკიდებლად გადაადგილდება თაროების სიღრმეში და პალეტს მისთვის განკუთვნილ ადგილას დებს. ტვირთის გამოტანისას კი პირიქით, ოპერატორის ბრძანებით, შატლს პალეტი თაროს დასაწყისამდე დამოუკიდებლად მოაქვს.

ამ ტექნოლოგიამ სრულად გამორიცხა დამტვირთველის თაროებს შორის მოძრაობის საჭიროება. ამის ხარჯზე, დერეფნების დატოვება საჭირო აღარ გახდა, რამაც საწყობის სივრცის სრულად ათვისების საშუალება მოგვცა.

საწყობში სრულფასოვანი ოპერირებისთვის, K2-მა დამკვეთი Toyota-ს საიმედო ტექნიკით მოამარაგა, მათ შორის იყო 2 რიჩ დამტვირთველი, 1 ელექტრო დამტვირთველი, 2 ორდერ პიკერით და ელექტრო ურიკა.

 

სასაწყობე სისტემების მონტაჟი K2-ის მიერ

 

პროექტის დასრულების შემდეგ, დამკვეთმა მიიღო 4016 საპალეტე ადგილზე გათვლილი, თანამედროვე საწყობი. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ამ ახალმა სისტემამ პროცესების ეფექტურობა თითქმის სამჯერ გაზარდა, რაც ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე დროში საწყობი სამჯერ მეტი ტვირთის მიღებასა და გაცემას ახერხებს. ამასთან, სულ მცირე ორჯერ შემცირდა საოპერაციო ხარჯები.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ სრულად გადაიჭრა სივრცის დეფიციტის ძირითადი პრობლემა და კომპანიამ შეძლო, არსებულ ფართში გაცილებით მეტი პროდუქცია დაეტია.

პროექტის წარმატებასა და მის მნიშვნელობას "Coca-Cola Bottlers Georgia-ს დირექტორი, ვახტანგ ლაღიძეც აღნიშნავს:

,,ავტომატიზებული საწყობი უსაფრთხოა. ეს სისტემა პირველად ჩვენს საწარმოში დაინერგა და პროექტი K2-ის მიერ მაღალ დონეზე შესრულდა. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემები საწყობში ადგილის მოგების თვალსაზრისით საუკეთესოა. სისტემების ერთობლიობით ფართი 2.5-ჯერ დავზოგეთ, სხვა შემთხვევაში დაგვჭირდებოდა ცალკე, ახალი საწყობის აშენება. ახლა აქ ყველაფერი ერთ ტერიტორიაზე გვაქვს.”

ეს შეფასება K2-ის გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებულმა სისტემამ არა მხოლოდ არსებული გამოწვევები მოაგვარა, არამედ კომპანიას ახალი, მასშტაბური მშენებლობების დანახარჯებიც აარიდა.